Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

FAQ

 

რა არის საავტორო უფლება?

საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას.  

 

რა არის მომიჯნავე უფლება?

მომიჯნავე უფლება არის შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის, ასევე მონაცემთა ბაზის დამამზადებლის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც დაკავშირებულია და გამომდინარეობს საავტორო უფლებებიდან. 

 

რაზე ვრცელდება საავტორო  უფლება?

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ასევე ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.

 

რაზე ვრცელდება მომიჯნავე უფლება?

მომოიჯნავე უფლება ვრცელდება შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზებზე.

 

როდის წარმოიშობა საავტორო უფლება?

საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.

 

როდის წარმოიშობა მომიჯნავე უფლება?

მომიჯნავე უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როდესაც შესრულების ჩანაწერი, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა და მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ასევე ეთერში (კაბელით) პროგრამის გადაცემა პირველად განხორციელდა.

 

საჭიროებს თუ არა საავტორო და მომიჯნავე უფლება რეგისტრაციას?

საავტორო და მომიჯნავე უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

რას შეადგენს საავტორო უფლებების მოქმედების ვადა?

ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლება მოქმედებს უვადოდ. საავტორო ქონებრივი უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და 70 წლის განმავლობაში მისი გარდაცვალებიდან. უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ხოლო თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე უფლება მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

 

რას შეადგენს მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა?

შემსრულებლის სახელის და რეპუტაციის პატივისცემის უფლება მოქმედებს უვადოდ. შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციის მომიჯნავე უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან და ეთერში (კაბელით) პროგრამის პირველად გადაცემიდან. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში.

 

ვინ არის ავტორი?

ავტორი არის პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოები. ავტორად ითვლება: კომპოზიტორი, რეჟისორი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, ქორეოგრაფი, ფოტოხელოვანი, დიზაინერი, მეცნიერი და სხვა.

 

ვინ არის მომიჯნავე უფლების მფლობელი?

მომიჯნავე უფლებათა მფლობელები არიან: შემსრულებლები, (მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და  სხვა) ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები, ასევე მონაცემთა ბაზის დამამზადებლები.

 

რაზე არ ვრცელდება საავტორო უფლება?

საავტორო უფლება არ  ვრცელდება:

იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე,  სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე.

სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები)

ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

 

რა არის კონტრაფაქციული ასლი?

ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება, იმპორტი ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.

 

როგორ არის დაცული საავტორო და მომიჯნავე უფლებები?

საავტორო და მომიჯნავე უფლებები დაცულია:

ბერნის, რომის, ბრიუსელის, ჟენევის და სხვა კონვენციებით

ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით  

საქართველოს კონსტიტუციით

საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით


რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა? 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პასუხისმგებლობა:

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1571–ე მუხლით:

ჯარიმა 500 იდან 3 000 ლარამდე, განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში - ჯარიმა 3000-იდან 5000 ლარამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით:

3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონის 59–ე მუხლით:

ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო უფლებების დარღვევის შედეგად.

კომპენსაცია არანაკლებ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობისა.

წევრისთვის