CISAC-ის IFRRO-ს და SCAPR-ის ერთობლივი მიმართვა პარლამენტს

საავტორო უფლებების მსოფლიო ორგანიზაციები: ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC), მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების საბჭო (SCAPR) და რეპროდუცირების უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO) საქართველოს პარლამენტს და საქპატენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

საკითხი ეხება საავტორო უფლებების კანონმდებლობის რეფორმას და მის ფარგლებში კოლექტიური მართვის სისტემის და სამართლებრივი რეგულაციების შემუშავებას. წერილში, საერთაშორისო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ საავტორო უფლებების მართვაში ერთი ფანჯრის პრინციპის შენარჩუნების აუცილებლობას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ საფრთხეების გამო, რაც შეიძლება გამოიწვიოს სფეროში ერთზე მეტი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობამ (პარალელური ადმინისტრირების დაშვებამ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 25-27 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საჯარო დისკუსია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ. საქართველოს პარლამენტის, საქპატენტის და საავტორო უფლებების ქართველი სპეციალისტების გარდა, დისკუსიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC), მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების საბჭო (SCAPR), ფონოგრამათა ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია (IFPI) და რეპროდუცირების უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO).

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე ყველა საერთაშორისო ექსპერტმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კოლექტიური მართვის საუკეთესო სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპის შენარჩუნებაა, სადაც თითოეულ სფეროში იარსებებს მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, ისევე როგორც ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებშია.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:

CISAC_IFRRO_SCAPR _განცხადება