ხშირად
დასმული
კითხვები

რა არის საავტორო უფლება?

საავტორო უფლება არის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების შექმნისას წარმოშობილი უფლება.

რა არის მომიჯნავე უფლება?

მომიჯნავე უფლება არის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და სამაუწყებლო გადაცემის ნებისმიერი სახით გამოყენების, გამოყენებაზე ნების დართვის და აკრძალვის განსაკუთრებული უფლება, რომელიც დაკავშირებულია და გამომდინარეობს საავტორო უფლებიდან.

რა სახის საავტორო და მომიჯნავე უფლება არსებობს?

საავტორო და მომიჯნავე უფლება იყოფა პირად არაქონებრივ და ქონებრივ უფლებებად.

პირადი არაქონებრივია უფლება, რომელიც განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის მახასითებლებს და ავტორის ან შემსრულებლის კავშირს მასთან (სახელის უფლება, რეპუტაციის პატივისცემის უფლება და სხვა).

ქონებრივია უფლება, რომლის გამოყენების დროსაც აუცილებელია უფლების მფლობელის თანხმობა და ჰონორარის გადახდა (ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და სამაუწყებლო გადაცემის ამა თუ იმ სახით გამოყენების უფლება, რეპროდუცირების უფლება და სხვა).

ვინ არის ავტორი?

ავტორი არის ფიზიკური პირი, რომელმაც ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ნაწარმოები. მაგალითად კომპოზიტორი, მწერალი, პოეტი, რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, ფოტოგრაფი, მოქანდაკე, არქიტექტორი, დიზაინერი და სხვა.

ნაწარმოები შეიძლება შეიქმნას ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად. ასეთ შემთხვევაში მის შემქმნელებს საავტორო უფლება წარმოეშობათ თანაბრად და ისინი ხდებიან თანაავტორები.

გარდა ავტორისა, საავტორო უფლების მფლობელი შეიძლება იყოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მემკვიდრეობით ან ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ეს უფლება. აღნიშნული ეხება მხოლოდ ქონებრივი უფლებებს.

საავტორო უფლების მფლობელები ასევე არიან შედგენილი და გადამუშავებული ნაწარმოების ავტორები და გამომცემლები.

ვინ არის მომიჯნავე უფლების მფლობელი?

მომიჯნავე უფლებების მფლობელები არიან: შემსრულებელი, ფონოგრამის დამამზადებელი, ვიდეოგრამის დამამზადებელი და მაუწყებლობის ორგანიზაცია.

შემსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ნაწარმოებს (მაგალითად: თეატრის და კინოს მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და სხვა).

გარდა შემსრულებლის, ფონოგრამის დამამზადებლის, ვიდეოგრამის დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციისა, მომიჯნავე უფლების მფლობელი შეიძლება იყოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მემკვიდრეობით ან ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ეს უფლება. აღნიშნული ეხება მხოლოდ ქონებრივ უფლებებს.

როდის წარმოიშობა და რაზე ვრცელდება საავტორო უფლება?

საავტორო უფლება წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების (ასლის შექმნა) საშუალებას იძლევა.

საავტორო უფლების წარმოშობისთვის არ არის აუცილებელი ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.

საავტორო უფლება ვრცელდება ყველა ნაწარმოებზე, განურჩევლად მისი დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რაც გულისხმობს, რომ ნაწარმოების გამოცემა ან გამოქვეყნება არ არის სავალდებულო ნაწარმოებზე საავტორო უფლების წარმოშობისთვის.

რა არის დეპონირება?

დეპონირება არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ნაწარმოების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

დეპონირება არის ნებაყოფლობითი, რა დროსაც, საქპატენტს წარედგინება ნაწარმოების ორიგინალი ან ასლი. დეპონირების შედეგად გაიცემა მოწმობა, რომელზეც მიეთითება ავტორის სახელი და დეპონირების თარიღი. დეპონირება არ წარმოშობს საავტორო უფლებას, იგი მხოლოდ ადასტურებს საქპატენტში წარდგენის თარიღისათვის ნაწარმოების ობიექტური ფორმით არსებობის ფაქტს.

როდის წარმოიშობა და რაზე ვრცელდება მომიჯნავე უფლება?

მომიჯნავე უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შესრულებისას, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამზადებისას და ნაწარმოების ეთერში ან კაბელით გადაცემისას.

მომიჯნავე უფლების წარმოშობისათვის არ არის აუცილებელი რაიმე ფორმალობის დაცვა.

მომიჯნავე უფლება ვრცელდება შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაზე.

რა არის შედგენილი და გადამუშავებული ნაწარმოები?

შედგენილი ნაწარმოებია კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია და სხვა ისეთი ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

გადამუშავებული ნაწარმოებია თარგმანი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და სხვაგვარად გადამუშავებული მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები.

შედგენილ და გადამუშავებულ ნაწარმოებში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებისას საჭიროა ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობა.

ორიგინალური ნაწარმოების მგავსად, შედგენილი და გადამუშავებული ნაწარმოები დაცულია საავტორო უფლებით მიუხედავად იმისა, ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარება ან შეიცავს ეს ნაწარმოები, დაცულია თუ არა საავტორო უფლებით.

რა არის შეკვეთით შექმნილი და სამსახურებრივი ნაწარმოები?

შეკვეთით შექმნილი ან სამსახურებრივია ნაწარმოები, რომელიც იქმნება შეკვეთის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში.

შეკვეთის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში ნაწარმოების შექმნისას აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არსებობა.

შეკვეთით შექმნილ და სამსახურებრივ ნაწარმოებზე საავტორო ქონებრივი უფლებები ეკუთვნის შემკვეთს და დამსაქმებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებაში საავტორო უფლების მფლობელად პირდაპირ არის მითითებული ნაწარმოების ავტორი.

რა ვადით არის დაცული საავტორო უფლება?

საავტორო პირადი არაქონებრივი უფლებებიდან ავტორობის უფლება, სახელის უფლება, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება დაცულია უვადოდ.

საავტორო ქონებრივი და დანარჩენი პირადი არაქონებრივი უფლებები მოქმედებს ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. თუ ნაწარმოებს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, საავტორო უფლების მოქმედების ვადის ათვლა იწყება უკანასკნელი ავტორის გარდაცვალების დღიდან.

საავტორო ქონებრივი უფლებების ვადის ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც ავტორი გარდაიცვალა.

საავტორო ქონებრივი უფლებების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ პირს, ყოველგვარი თანხმობისა და ჰონორარის გადახდის გარეშე, შეუძლია ნაწარმოების გამოყენება.

რა ვადით არის დაცული მომიჯნავე უფლება?

შემსრულებლის სახელის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება დაცულია უვადოდ.

შესრულების უფლება მოქმედებს პირველი შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შესრულების (გარდა ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისა) ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.

ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.

მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ პროგრამის სადენით ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით (საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით) პირველად გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

რაზე არ ვრცელდება საავტორო უფლება?

საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საავტორო უფლება ასევე არ ვრცელდება სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (ჰიმნი, დროშა, გერბი, ჯილდო, ფულის ნიშნები) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები) სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოებისა და დოკუმენტების თარგმანზე, ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

როდის შეიძლება გამოყენება ნებართვის გარეშე?

კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენება შესაძლებელია უფლების მფლობელის თანხმობისა და ჰონორარის გადახდის გარეშე.

დაშვებულია საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობის მიზნით. ეს უფლება არ ვრცელდება არ­ქი­ტექ­ტუ­რული ნაწარმოების შენობა-ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებაზე, ელექტრონული მონაცემთა ბაზის და კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირებაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე წიგნის (მთლიანად), ნოტისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოების რეპროგრაფიულ გამრავლებაზე (ასლის გადაღება).

დაშვებულია ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობის მიზნით აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით. ჰონორარი გადაიხდება რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობების და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ.

დაშვებულია ბიბლიოთეკების, არქივების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება ერთეულ ასლად, მოგების მიღების გარეშე, უფლების მფლობელის და დასესხების წყაროს მითითებით და იმ მოცულობით, რაც ემსახურება განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ასლების შეცვლას, ასევე სტატიებისა და სხვა მცირე ნაწარმოებების ან მოკლე ნაწყვეტების (გარდა კომპიუტერული პროგრამებისა) გამოყენებას სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით.

დაშვებულია ნაწარმოებებიდან, შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირება უფლების მფლობელისა და დასესხების წყაროს მითითებით, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, ასევე მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენება სწავლებისა ან სამეცნიერო კვლევებისთვის, ამასთან მხოლოდ იმ მოცულობით, რაც გამართლებულია ციტირების და ილუსტრაციის მიზნით.

დაშვებულია შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.

დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის საჯარო შესრულება და  საჯარო გადაცემა უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით.

დაშვებულია მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე გამოქვეყნებული სტატიების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სპეციალურად არის აკრძალული უფლების მფლობელის მიერ.

დაშვებულია მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების, ასევე საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვის რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით.

დაშვებულია რელიეფური, წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოებისთვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებისა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის.

დაშვებულია ღია ადგილებში მუდმივად გაანლაგებული არქიტექტურული, ფოტოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენება მოგების მიღების მიზნით.

დაშვებულია მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიის დროს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ასეთი ცერემონიის ხასიათით.

დაშვებულია ნაწარმოების რეპროდუცირება სასამართლო წარმოებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით.

დაშვებულია სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების, შესრულების ან გადაცემის ჩაწერა ან რეპროდუცირება მოკლევადიანი სარგებლობისათვის, საკუთარი მოწყობილობით და საკუთარი გადაცემისთვის, ამასთან, ჩანაწერის შემდგომი განადგურების პირობით.

დაშვებულია მართლზომიერი მფლობელის მიერ მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და კომპიუტერულ პროგრამაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რაც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, ასევე სარეზერვო ეგზემპლარის დამზადება დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად.

დაშვებულია მართლზომიერი მფლობელის მიერ კომპიუტერული პროგრამის დეკომპილაცია, თუ ეს აუცილებელია დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთქმედების უნარის მისაღწევად. ამასთან მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამოყენებული იქნას დეკომპილირებული პროგრამის მსგავსი, ახალი კომპიუტერული პროგრამის შესაქმნელად.

დაშვებულია მართლზომიერი მფლობელის მიერ მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება, თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგის რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება, რაც აუცილებელია ბაზაში შეღწევისა და მისი ნორმალური გამოყენებისთვის.

რა არის ჰონორარის მიღების უფლება?

საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენებისთვის მიიღოს ჰონორარი.

კანონი საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების მფლობელს უტოვებს შესაძლებლობას არ ისარგებლოს ამ უფლებით და ნება დართოს სხვა პირებს უსასყიდლოდ (ჰონორარის გადახდის გარეშე) გამოიყენონ საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების ობიექტი.

ვინ არის მოსარგებლე?

მოსარგებლეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების ობიექტს და ამით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, იღებს სარგებელს.

საჭიროა თუ არა ჰონორარის გადახდა არაკომერციული გამოყენების დროს?

კანონის თანახმად, არაკომერციული მიზნით საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენება, არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, ასეთი გამოყენებისას სავალდებულოა უფლების მფლობელის თანხმობა და ჰონორარის გადახდა.

რას ნიშნავს ქონებრივი უფლებების ინდივიდუალური მართვა?

უფლების მფლობელი, როგორც წესი, საკუთარ ქონებრივ უფლებებს ინდივიდუალურად მართავს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის ერთჯერად და არამასშტაბურ გამოყენებას, რა დროსაც გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი შესაძლებელია მოსარგებლესთან ინდივიდუალური შეთანხმების გზით. სისტემატური და მასშტაბური გამოყენების დროს, ინდივიდუალური კონტროლი შეუძლებელი ხდება, რა დროსაც გამოიყენება კოლექტიური მართვის მექანიზმი.

რას ნიშნავს ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა?

როდესაც უფლების მფლობელი მოკლებულია შესაძლებლობას გააკონტროლოს საკუთარი საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენება, ასეთი გამოყენების სიმრავლის და მასშტაბურობის გამო, ქონებრივი უფლებები იმართება კოლექტიური წესით, რაც გულისხმობს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ, უფლების მფლობელების მიერ მინიჭებული მანდატის საფუძველზე, ნებართვების გაცემას და ჰონორარის შეგროვებას.

რა არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია?

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ან კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არის უფლების მფლობელთა მიერ, კანონის შესაბამისად, არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირის ფორმით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელთა რეპერტუარს.

კოლექტიური მართვის ორგანიზაციას კოლექტიური მართვის უფლებამოსილება გადაეცემა უშუალოდ უფლების მფლობელების და სხვა ქვეყნებში არსებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ადგილობრივი რეპერტუარი იმართება უფლების მფლობელებთან გაფორმებული წევრობის ხელშეკრულებების, ხოლო უცხოური რეპერტუარი – შესაბამისი ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან გაფორმებული რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

კოლექტიური მართვის ორგანიზაცია გასცემს ნებართვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ობიექტების გამოყენებისთვის, აგროვებს ჰონორარს და ანაწილებს მას უფლების მფლობელებზე გამოყენების შესაბამისად. ადგილობრივ რეპერტუარზე ჰონორარი გადაიხდება პირდაპირ უფლების მფლობელებზე, ხოლო უცხოურ რეპერტუარზე ჰონორარი ნაწილდება იმ ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამის უფლების მფლობელებს.

როგორ გავწევრიანდე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში?

გაწევრიანება შესაძლებელია, თუ წევრობის მსურველი არის საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების მფლობელი.

წევრობის მსურველმა დადგენილი ფორმით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საკუთარი საავტორო და/ან  მომიჯნავე უფლების ობიექტების შესახებ, რის შემდეგაც ფორმდება წევრობის ხელშეკრულება.

როგორც გაწევრიანება, ასევე წევრობა უსასყიდლოა და არ იწვევს რაიმე სახის ფინანსურ ვალდებულებას.

ვის მივმართო დარღვევის დროს?

საავტორო და მომიჯნავე უფლებაზე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი სახეზე, მატერიალური საკუთრების მსგავსად ვრცელდება თანაბარი სამართლებრივი გარანტიები.

დარღვევის შემთხვევაში, უფლების მფლობელს შეუძლია, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მიმართოს სასაამართლოს და დამრღვევისგან მოითხოვოს კომპენსაციის გადახდა ან კანონით გათვალისწინებული სხვა მოქმედების შესრულება. უფლების მფლობელს ასევე შეუძლია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, დამრღვევზე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, უფლების მფლობელების სახელით სასამართლოს მიმართავს მხოლოდ ორ შემთხვევაში: როდესაც მოსარგებლე, რომელიც იყენებს საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტს უარს აცხადებს ნებართვის აღებაზე, ან თუ ასეთი ნებართვის მქონე მოსარგებლე არ იხდის ჰონორარს. ყველა სხვა შემთხვევაში, უფლების მფლობელი სასამართლოს მიმართავს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის გარეშე, საკუთარი წარმომადგენლის (გამომცემლობა, სააგენტო, იურისტი და სხვა.) მეშვეობით.

რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი დარღვევისთვის?

საავტორო და მომიჯნავე უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი.

“საავტორო და მომიჯნევე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლების დამრღვევი ვალდებულია: აღიაროს დარღვეული უფლება, აღადგინოს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობა და აღკვეთოს უფლების დამრღვევი მოქმედება, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით,  დააბრუნოს დარღვევით მიღებული შემოსავალი, ან ზიანის ანაზღაურებისა და დარღვევით მიღებული შემოსავლის დაბრუნების ნაცვლად გადაიხადოს კომპენსაცია მისაღები ფულადი ანაზღაურების არანაკლებ ათმაგი ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა 500 დან 3 000 ლარამდე, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 3 000 დან 5 000 ლარამდე.

გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ზიანის მიყენებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.