ლეო კვაჭაძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს
ქართველი ენათმეცნიერის ლეო კვაჭაძის მემკვიდრემ, მანანა კვაჭაძემ საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. საკითხი ეხება ლეო კვაჭაძის მიერ აკაკი შანიძესთან ერთად შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელობის მეკობრული ასლების დამზადება-გავრცელებას. კერძოდ, როგორც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ლეო კვაჭაძის და აკაკი შანიძის მიერ ერთობლივად შექმნილი მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოები მეკობრულად დაიბეჭდა და წიგნის მაღაზიებში ვრცელდება, რითაც ირღვევა საავტორო უფლებები და ზიანი ადგებათ ავტორის მემკვიდრეებს. საკითხის შესწავლის მიზნით ასოციაცია წიგნების რეალიზატორებს დაუკავშირდა, რომელთაგანაც მიიღო ინფორმაცია წიგნების სადისტრიბუციო კომპანია, შპს „პრიმავერა ჯორჯიას“ შესახებ. საავტორო უფლებების დარღვევის აღმოფხვრისა და საკითხის შემდგომი დარეგულირების მიზნით ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. |