საქართველოს (Georgian)
საავტორო უფლებათა (Copyright)
ასოციაცია (Association)

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არის საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია. იგი შექმნილია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 1999 წელს. ასოციაცია წარმოადგენს ავტორთა, შემსრულებელთა, ფონოგრამის და ვიდეოგრამის დამამზადებელთა გაერთიანებას და მას საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის მიზნით გააჩნია შემდეგი ძირითადი უფლებამოსილება:

საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში – საქართველოს მოქალაქე უფლების მფლობელების შემთხვევაში პირდაპირი ხელშეკრულებით, ხოლო უცხოელი უფლების მფლობელების შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის ანალოგიურ, კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების მეშვეობით;

საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების გამოყენებისათვის განაკვეთების დადგენა;

საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების გამოყენებისათვის ლიცენზიების გაცემა და ჰონორარის შეგროვება;

შეგროვებული ჰონორარის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებზე განაწილება და გადახდა – საქართველოს მოქალაქე უფლების მფლობელებისთვის უშუალოდ, ხოლო უცხოელი უფლების მფლობელებისთვის შესაბამისი ქვეყნის კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების მეშვეობით.

გარდა საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიური წესით მართვის ძირითადი ფუნქციისა, ასოციაცია ნებაყოფლობით და არსებული რესურსის ფარგლებში ასევე ეწევა შემდეგ საქმიანობას:

საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს, ახორციელებს საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებს, უწევს უფლების მფლობელებს კონსულტაციას და სადავო საკითხებში წარმოადგენს მათ ინტერესებს, აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა გამოყენების მონიტორინგს, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იბრძვის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სამართლებრივი რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს.

ასოციაციაში გაწევრიანებულია 1700 ზე მეტი ადგილობრივი უფლების მფლობელი და მას გადაცემული აქვს უცხოელ უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვის კომპეტენციაც, რომელიც ხორციელდება შესაბამისი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ასოციაციას გაფორმებული აქვს ასეთი 300 ზე მეტი ხელშეკრულება, რომელიც ფარავს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას. ჯამში ასოციაცია წარმოადგენს სამ მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს მსოფლიოს მასშტაბით და ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მათი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას.