თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირი დადებითად აფასებს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოს მიერ, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და განხორციელების ქმედითი მექანიზნების დანერგვა და ამოქმედება წარმოადგენს. ამ კუთხით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი” და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ქმედით ღონისძიებებს ატარებენ, რის შედეგადაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ევროკავშირის ცნობით, DCFTA მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა ვაჭრობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ ძირითად სფეროებში, კერძოდ, ტექნიკურ ნორმებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰიგიენის სტანდარტების (სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები), ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კონკურენციის წესების სფეროში, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საწინდარია. |